ანე კატერინე ვესტლის საბავშვო სერია „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“

ანე კატერინე ვესტლის ამბავი დედაზე, მამაზე, დიდედაზე, რვა ბავშვსა და საბავშვო მანქანაზე ერთგვარი სერიალია წიგნად, რომელიც შვიდი ნაწილისაგან შედგება. ერთ ერთი ყველაზე ცნობილი ნორვეგიელი საბავშვო მწერლის ეს წიგნები, რომლებიც გასული საუკუნის 50-60-იან წლებში დაიწერა და დღეს უკვე საბავშვო ლიტერატურის კლასიკად ითვლება, ქართულად თარგმნილი ჩვენმა მკითხველმა მხოლოდ ნახევარი საუკუნის მერე გაიცნო. მიუხედავად ამისა, დროში ეს განსხვავება არაფერს აკლებს ამ ძალიან ხალისიან, თბილად, ძალიან საინტერესოდ, ცოცხალი სურათებითა და ენით დახატულ ამბებს, რომლებშიც მკითხველი მთლიანად იძირება, ცხოვრობს იმ გარემოში, იმ ამბებით, იმ ადამიანებს შორის, და იმდენად ცხადად, რომ იმ ამინდსაც კი განიცდის და ის ხმები ესმის, რაზეც კითხულობს. კარგად მახსოვს, როცა ოჯახში ამ წიგნებს ვკითხულობდით, ყოველი წიგნის დასრულებისას ყველასთვის რამხელა ბედნიერება იყო, რომ არაფერი მთავრდებოდა, რადგან კიდევ იყო შემდეგი წიგნი, რომელშიც კვლავ ამ ოჯახთან ერთად უნდა გვეცხოვრა.
ზოგიერთი ადამიანის მოსაზრებით, დღევანდელ ბავშვებს „მსგავსი წიგნები აღარ აინტერესებთ“ და ამდენ ხმაურიან, ზებგერითი სიჩქარით განვითარებულ მოვლენებს შეჩვეულებს ასეთი რამეები „ვეღარ აკმაყოფილებთ“, მაგრამ საკმარისია, ამ სერიის პირველივე წიგნის კითხვა დაიწყო, რომ თავიანთი ზესწრაფი „ექშენ“-ცხოვრებიდან და ვირტუალური სივრცის რეალობებიდან ისე ინაცვლებენ წიგნის ფურცლებზე ნაამბობ ამბებში, ისეთი ხალისით გადასახლდებიან შიგ, თითქოს შენს თვალწინ ბობღდებიან სატვირთოს ძარაზე და იქ მოკალათებულ ბავშვებს უსხდებიან გვერდით კმაყოფილები, მათთან ერთად დარბიან ტბის პირას ან მაყვლის ბუჩქების საძებნელად დაბორიალობენ ტყეში, ველოსიპედებსაც მათთან ერთად დააქროლებენ და საწოლებსაც საკუთარი ხელით ღებავენ.
მწერლის უდიდესი საქმეც ეს არის - არამარტო თანამედროვე ბავშვებმა მოგისმინონ და შეიყვარონ შენი ამბები და პერსონაჟები, არამედ მომავალმა თაობებმაც; ანე კატერინე ვესტლის წიგნებით გახალისებული დღესაც, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მერეც, უამრავი ბავშვია; ისინი გაიზრდებიან და, როგორც ასტრიდ ლინდგრენის შეუცვლელი ქმნილებები დღესაც გადადის თაობიდან თაობაზე, ეს დღევანდელი ბავშვებიც თავიანთ შვილებს, შვილიშვილებს გადასცემენ ამ წიგნების სიყვარულს, რადგან არცერთს არასდროს დაავიწყდება ის სიხარული, რასაც ამ ოჯახის უბრალო, მაგრამ ისეთი ხალისიანი, ერთმანეთის სიყვარულით გამთბარი ყოველდღიური ცხოვრება აზიარებთ, რომელიც შესაძლოა აღმოჩენადაც ექცეთ დღევანდელ მოზარდებს, რომელთა ნახევარსაც, შესაძლოა, მსგავსი ცხოვრება არც კი უნახავს. გაიგებენ, როგორ შეიძლება ყოველგვარი გაჯეტების გარეშე გართობა, თანაც ისეთი, რომ ვერანაირი ვირტუალური სივრცე ვერ მოგცემს, ისეთი შთაბეჭდილებების შექმნა და ისეთი თავგადასავლების გავლა, რომლებზეც ვერცერთ ვიდეო-თამაშში ვერც კი იოცნებებ. ლინდგრენი ვახსენე და აქვე ვიტყვი, რომ რაღაცით ეს ამბები სწორედ მის მადიკენს, ლოტას, ემილს, ბულერბიელ ბავშვებს და მათ თავგადასავლებს მოგაგონებთ; ზუსტად ისევე ისიამოვნებთ და შეიყვარებთ.
ეს წიგნები ბავშვებს ბავშვურ, ჩვეულებრივ, ადამიანურ ცხოვრებას ასწავლის, რომელიც ასე აკლიათ დღევანდელ თაობებს, განსაკუთრებით ქალაქში მცხოვრებთ, აღმოაჩენინებთ ამ ცხოვრებას, სურვილს გაუჩენთ, თვითონაც გაიარონ იგივე ამბები, შეიგრძნონ იგივე, რასაც ვესტლის პერსონაჟები ამ შვიდი წიგნის ფურცლებზე გრძნობენ და გადიან.
და კიდევ ერთი: რვა ბავშვისა და მათი ოჯახის ამბების კითხვა შეიძლება საუკეთესო მოგონებად გექცეთ უფროსებსაც, ისევე როგორც ჩვენი ოჯახისთვის იქცა, როცა ზამთრის გრძელ საღამოებს მათ კითხვაში ვატარებდით: რიგრიგობით ვკითხულობდით მე, ჩემი შვილი, ბებო და პაპა. არცერთს არასდროს დაგვავიწყდება ის საღამოები და მთლიანად ის ზამთარი, რომლის უმთავრესი მოგონება სწორედ ეს წიგნები და ის კითხვის საღამოებია. ამ წიგნების სიყვარული კი მთელ ოჯახს მთელი ცხოვრება გაგვყვება და ტაქსას ვერასდროს დავუძახებთ „ტაქსას“, რადგან ის, უბრალოდ, სამოვრის მილია.
სერიის წიგნებია: „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა“, „დიდედა და რვა ბავშვი ტყეში“, „მარტა და დიდედა, დიდედა და მორტენი“, „ანტონის პატარა საჩუქარი“, „დიდედას სახელობის გზა“, „ველოტური დანიაში“, “მორტენი, დიდედა და ქარიშხალა”