ბესო ხვედელიძის "განჯადოება"

ლალი აფციაური
16 ოქტომბერი, 2026რეცენზია
"განჯადოება" დილის ყავასთან ერთად

ალბათ სიმბოლურია, რომ აეროპორტით და ბავშვობის ძველი სახლით იწყება ეს გზა. ჯანდაბაში წაყვანისაგან დასაცავად თავზე საბნის გადაფარებით, დამალვით. ჰოდა თავისი „ჯანდაბა“ ზურგზე აკიდებული, გულზე დაწოლილი ჩამოიტანა აქაც მაჯლაჯუნად და ბორკილად ამ „აღთქმულ მიწაზე“, სადაც „თოვლის კაცს“ გამოექცა, უზარმაზარს და ძლიერს, რომელმაც კედელ-კედელ სიარულამდე, დაშლამდე მიიყვანა და ახლა საყრდენდაკარგული ხსნას აქ დაეძებს „{...} სისხლითვე ვგრძნობ, რომ აქ ასეთსაც ყველა მიცნობს: ხალხიან-ძროხიან-სპილოიან-ძაღლიან-ყვავიან-მტრედებიანად. ესენი მომივლიან, შემინახავენ, ხელს შემაშველებენ, გამოსავალს მომიფიქრებენ... კატმანდუს ტრიბჰუვანის აეროპორტი ხომ ჩემი რომელიღაც წინა ცხოვრების სახლის წინკარივითაა. ისევ ძველი და ნამდვილი სახლის სუნი.“ საკუთარი თავი, ლამის სიკვდილის პირას მიყვანილი, საკუთარი ცხოვრება, რომელმაც აქამდე მოიყვანა, ტვირთივით ჰკიდია, რომელიც აღარავინ იცის, ცოცხალია თუ არა: „ჩემი ჩანთა {...} - შავ-ჭრელსა და გაბერილს საკუთარი ცხედარივით მივახოხიალებ {...}.“ და

„ - თთქვენ... ხომ გა-გახსოვთ... ვი-ვინ ვარ მე?“ - იწყება გადარჩენის მცდელობა.

„საით? მარჯვნივ თუ მარცხნივ? იქნებ პირდაპირ. პირდაპირ გზაჯვარედინია.“ - გზაჯვარედინი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროს ადამიანმა, აუცილებლად უნდა გააკეთოს საკუთარი არჩევანი. განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდას იმდენის გავლა მოგიხდა, ამ გზაჯვარედინის ყველა მხარეს შეიძლება საკუთარი ცხოვრების ფრაგმენტები გეფინოს.

„უახლესი წარსულის დავიწყება მომნდომებია ჯიგარს. მაგრამ ეგრე იოლად, აბა, როგორ? სავსეა აშლილი ტვინი შეშლილი მოგონებებით: გასული თვეების შლეგი პალიტრა ას და ხანდახან მეტ გრადისზეც მიდუღს. ასეთები იშვიათად თუ გადახდება ვინმეს და ბედი ხომ უნდა, მაინცდამაინც მე უნდა დამმართნოდა!“

მაგრამ ეს გზა გასავლელია და მას შენ ნაცვლად ვერავინ გაივლის, არჩევანიც თავად უნდა გააკეთო, საით წახვიდე, თუნდაც მოყანყალე ფეხებით. მთავარია, სახე არ გაქვს „ახეული“. ან გაქვს (რაღა დარჩა), მაგრამ მაინც ადგილზეა. ყველაფრის მიუხედავად მაინც შენ ერთგულ მეგობრად დარჩენილი გონებაც გიბრალებს და გიგზავნის წინათგრძნობას, რომ აქ, სწორედ აქ შეგხვდება შენი ანგელოზი, ხელს ჩაგჭიდებს და გადაგარჩენს. აბა, ვინმემ ხომ უნდა გითხრას, რომ სული საერთოდ აღარ გაგაჩნია. ნამასტე, ანგელოზო! შენ ხარ ახლა სიცოცხლის ენერგია-(იგივე სულ-)დაკარგული ადამიანის ნარჩენის გადამრჩენი. და კიდევ და კიდევ თვითონ - რაც დარჩენია თუ დარჩენილა, იქიდან რომ უნდა გაიმთლიანოს თავიც და სულიც.

„{...} რაიმე ფორმით მაინც გაგვიღოს მიღმიერი ფანჯარა განვითარების ახალი საფეხურისკენ. ადამიანმა ხომ სწორედ მაშინ დაკარგა ბუნებასთან კავშირი, როდესაც ჩათვალა, რომ მთავარი იყო დედამიწაზე და პირველობას შეუდგა... სწორედ ამის გამო ის მაშინვე სულ სხვა, ნარცისულ სიხშირეზე აღმოჩნდა... ამიტომაა, რომ აღარაფერი ესმის ცხოველების, ფრინველების, მწერების, მცენარეების, ხეების, ქვების, წყლის, ცეცხლის, ქარის, საგნებისა და ნივთების, რომელთაც საკუთარ თავზე ნარცისულად შეყვერბულმა უსულოები უწოდა... უკან, იმავე სიხშირეზე დაბრუნება არაა იოლი, თუმცა ცდა კი შეიძლება...“ „აბა, სხვა რისთვის ვარ?“

„პარალელურად ვიღაცის ძალიან შორი ხმა მესმის ხოლმე ზურგსუკნიდან... ხმა მესისინება, რომ უნდა მოვითმინო და ავიტანო ეს ყველაფერი, რომ, როცა იქნება, გამივლის ყველა შიში და უფრო ძლიერი დავდგები ფეხზე. მეც ამის, ანუ მხოლოდ ჩემი თავის იმედი მაქვს.“

...თუნდაც საკუთარ თავსაც კი აღარ ენდობოდე და ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდე. თუნდაც ბოლომდე ნებაგატეხილი იყო.

ასეთ მოცემულობებთან ერთად ყველგან არის მარცვლები, რომლებიც ხელის ჩაჭიდების საშუალებას იძლევა და ხვდები, შენც თუ ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ხარ ან კიდევ უარესში გგონია თავი, კარგად რომ დაუკვირდე, ეს მანათობელი მარცვლები აუცილებლად გექნება იმ მარცვლებივით, ზღაპარში რომ დაყარეს სასოწარკვეთილმა ბავშვებმა უღრან ტყეში უკან გზის გამოსაგნებად - „მენდელეევის ტაბულისთვის უცხო ელემენტი“, რომლის ნათება ჰალუცინაციის კი არა, გონების განათების ნიშანია (უკვე კარგა ხანია გაცვეთილი და ყელში ამოსული ბანალურ-რომანტიკული გამოთქმა რომ ვიხმარო, ცხოვრებაში ნათელის შემოტანას რომ მოასწავებს). ამისთვის ზოგჯერ ალბათ მართლა უკიდურესად დაშვება, იქამდე ჩაშვებაა საჭირო, სადამდეც დაბლა ჩამთრევ-დამქაჩი ძალა მოგერევა და გამჩენი გაგიმეტებს („იქნებ იმის გამო დამემართა ეს ყველაფერი, რომ აქამდე დავცემულიყავი და ასე შემშინებოდა.“); მთავარია, გააცნობიერო, რომ „ყველას რაღაც ბანძობა გვჭირს {...}“, „ადამიანი თვითონ იწვევს და იმკის თავის სნეულებებს“. და სწორედ აქ „თვითონ უნდა გადაწყვიტო - შენი პირადი კინო როგორ გაგრძელდეს... იფიქრე და საუკეთესო ვარიანტი დადე“.

და როცა შენთვის არასწორ, არაჯანსაღ, არაფრისმომცემ გარემოში, რომელიმე „ცივ-ბოროტ“ ქვეყანაში ან „დანევროზებულ“ თუნდაც მშობლიურ ქალაქში თავს უარესად გრძნობ და შენი ცხოვრებაც ცხოვრებად კი არა, საცოდაობად იქცევა და შენც დაღუპვას გიქადის, თავს უნდა უშველო, როგორც გინდა გიჭირდეს, თუნდაც აკანკალებული ფეხით გადადგი ნაბიჯი, კედელს, თუნდაც ხავსს, თუნდ უხილავ საყრდენს მოეჭიდე და „ნუ იჭამ თავს პელიკანივით. {...} ჯვარზე გაგაკრეს? უნდა ამაღლდე. მოგკლეს? უნდა გაცოცხლდე! ეს კინო ასე არ უნდა მთავრდებოდეს. ჩათვალე, რომ ეს მხოლოდ ტიტრებია. ნამდვილი კინო ახლა იწყება. ეგეთმა ვერ გაამართლე დასავლეთში? წადი აღმოსავლეთით... წადი და იარე!“ და ყოველთვის „გაიხსენე სავარაუდო მომავალი!“

ოღონდ „ერთი რამე დაიმახსოვრე: {...} ცუდს ნურავის უსურვებ! შენც ამ სამყაროს ნაწილი ხარ. ისიც. ეგ იგივეა, შენ თავს რამე აუტეხო და დაუშავო... მოგიბრუნდება უკან, დაგაჯდება {...} უხილავ ენერგოვამპირ პოლტერგეისტად და საშინლად გაგაწვალებს... წაიღებს მთელ შენ ძალას, ფიქრებს, სურვილებს... აგირევს ტვინს... გამოგწოვს ყველაფერს ნათელს. დაგტოვებს მარადმჭლე ხორცად... სიტყვებს და ფიქრებს დაუკვირდი ხოლმე... ნუ ფანტავ უაზროდ! ჰარმონიას და ბალანსს არღვევს წყევლა, გინება, ბოროტი აზრები... კეთილი წარმოსახვები დადე!“

მთავარია, სწორ ადგილას წახვიდე, სადაც შენში არასწორად შემოსულ პროგრამებს დაამუშავებ, გადაამუშავებ და ბორკილად რომ გადევს, მოიხსნი: „ამ აზრებში გამოვიჭირე თუ არა თავი, მივხვდი: ეს აშკარად {...} უმდაბიოესი პარანოია იყო - გამოყოლილი იმ გადამძაღებული წარსულიდან, რომლის ჩახსნაც აუცილებლად მჭირდებოდა. ალბათ სწორედ ამისთვის არსებობდა აქაურობაც, არუნაც, ძირიც და ის ყველაფერი, რაც წინ მელოდა.“ („ძირი“ - როგორი სიმბოლურია!)

სადაც ცაც, მზეც, ჰაერიც და მთელი ბუნებაც, კაციც და ღმერთიც, მისი ყველა სახით არსებული მოციქულებიც (იაკების ჩათვლით) და მისი სხვადასხვა ფორმით გამოგზავნილი მკურნალებიც (ტყეში მცხოვრები ჯადოქრის სიმაღლემდე) ერთად იზრუნებენ შენს გადარჩენასა და მკვდრეთით აღდგომაზე. სადაც ისეთი ადამიანები დაგხვდებიან, ვისაც ეტყვი: „რომ გხედავ, სიცოცხლე მიხარია და შენნაირად ვიცინი!“

„შენი პირადი კინოს სცენარისტი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელიც მხოლოდ შენ ხარ!... და შენ რომ არა, არაფერი არ იარსებებდა! არ ვიქნებოდი არც მე, არც ძირი, არც ნეპალი და არც შამანიზაცია! ეს ყველაფერი შენ მოინდომე, რომ მომხდარიყო და მოხდა კიდეც. კარგად გახსოვდეს, იწამე, რომ ამის მერე შენ როგორც გინდა, ისე იქნება ყველაფერი!“

„ - ეგრე გინდოდა, რომ მომხდარიყო... აქ და ასე...

  • რა?
  • შენი გადარჩენა და გაცოცხლება! და შენ როგორც მოინდომე, ზუსტად ისე ახდა!.. აბა, არ ჩამოსულიყავი...
  • და რა იქნებოდა?
  • ეგ შენ უფრო უნდა იცოდე, რა იქნებოდა. {...} ისე კი, იმ პარალელურ რეალობაში შენ ისევ ცუდად ხარ და ისევ ბოლომდე გწოვენ სულს სულგაბზარული ადამიანები... მაგრამ ეგ იქ... აქ კიდევ, უბრალოდ, წინასწარვე ხედავდი საკუთარ მომავალს! გულით გინდოდა, რომ აქ გადარჩენილიყავი, აქ და ზუსტად ასე... აგერ, აგისრულდა კიდეც, ნამასტე!“

ეკოსოფელი, რომელიც ამ წიგნის ობოლი მარგალიტია, და იქ შეკრებილი ადამიანების ამბები (მგონი ობოლი მარგალიტი ეს უფროა) თავად უნდა წაიკითხოთ, ისე, რომ წინასწარ არავინ მოგიყვეთ მათზე რამეს. აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ტაძრის 365 საფეხურის სიმაღლეზე ასვლისა და იქ ისევ ყოველი ჩვენგანის გადამრჩენელი განგების, ღვთის ხელი რომ ურევია, ისეთი ამბავი, იქ შეხვედრილ-გადახდენილი. სწორედ ამ ყველაფრის წაკითხვის მერე ისწავლით, როგორ შეიძლება „გააკარგოთ“, „შეღებოთ“ და“ გააფერადოთ“ მზერით ყველაფერი. ეგ კი არა, „აღმშენებლებიც“ კი გახდეთ და იმას, რაც ჯერ სამკურნალოა, თვალით, გულით, გონების, ნების - სუფთა, კეთილი ნების ძალით უმკურნალოთ და მოუაროთ. მზერით და ღიმილით. თუ ამ დროს ვინმე გყავთ გვერდით, ხომ მთლად უკეთესი („ერთად ყველაფერი უკეთესად გამოგვდიოდა“), და თუ ამას რაიმე მუსიკის თანხლებით გააკეთებთ, ეს მუსიკა თქვენი ცხოვრების ან მისი ამ ნაწილის საუნდტრეკადაც შეიძლება იქცეს.

„ისევ განვაგრძობ ჩემს გამოგონილ გულად აღმშენებლობანას: დიდი მიწისძვრისას მიწასთან გასწორებულ ადგილებთან მისული ვჩერდები და ამ მუსიკის ფონზე წარმოვიდგენ, რა შეიძლება აშენდეს და აღიმარტოს აქ სავარაუდო მომავალში. კატმანდუც აშკარად შენდება. მის სიცარიელეებს და შავ-თეთრ ლაქებს, რომლებიც ნამდვილად ამოსავსებია, მეც ვუვლი და ვემსახურები ჩემი ფერადი, აღმშენებლური წარმოსახვებით.“

როცა ამ გზას მთლიანად გაივლით, ავტორთან ერთად გაიჯანსაღებთ სულს და გონებას და თავიდან დაიბადებით, მშობლიური სახლის ის მოგონება უკვე ნათელ, ბედნიერ მოგონებად იქცევა, რომელიც თან გდევთ - ახლა უკვე ბედნიერებად.

„ეს ჰაერი და ეს ცა მიყვარს მე... კეთილ სურვილებს არასდროს ექნებათ აქ ბოლო და დასასრული.“

და ეს ჰაერი, ეს ცა უკვე მთლიანად დედამიწის ცა და ჰაერია, ყველგან ერთნაირად გაწმენდილი და ნამკურნალევი - თქვენ ხომ მას თავად მოუარეთ სწორად. ნამასტე! თქვენ მთავარი განჯადოება გაიარეთ.