ჯონ სტაინბეკის ,,თაგვებსა და ადამიანბზე"

სოფო ჩიქოვანი
24 ოქტომბერი, 2026რეცენზია
თაგვებსა და ადამიანებზე

„ყველაზე კარგად განჭვრეტილი გეგმებიც კი თაგვთა და კაცთა შეიძლება სწრაფად დაიმსხვრეს და დაგვიტოვოს ტკივილი და მწუხარება ხალისის ნაცვლად“. რობერტ ბერნსი (თარგმნა სოფო ჩიქოვანმა)

„ჯონ სტაინბეკის „თაგვებსა და ადამიანებზე“ ტრაგიკული ნაწარმოებია. ეს არის ამბავი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ყველაზე გულწრფელი სურვილები და კარგად ნაფიქრი გეგმებიც კი ტკივილად და მწუხარებად იქცეს. ადამიანის ნება და ოცნებები ხშირად უძლურია იმ ძალების წინაშე, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს. შემთხვევითობას, გარემოებებსა და სოციალური სამყაროს სისასტიკეს შეუძლია, ადამიანს სანუკვარი მიზნები დაუმსხვრიოს და მომავლის იმედი წაართვას. ამ თვალსაზრისით, ადამიანი ისეთივე დაუცველია ამ სამყაროში, როგორიც მინდვრის თაგვი ხნულში. ნაწარმოები ორი განსხვავებული ადამიანის უჩვეულო მეგობრობაზე გვიყვება. ჯორჯი და ლენი დიდი დეპრესიის პერიოდის ამერიკაში ცხოვრობენ და ყოველდღიურად უწევთ გადარჩენისთვის ბრძოლა. მათ ერთი საერთო ოცნება აქვთ -ჰქონდეთ საკუთარი მიწა, პატარა სახლი, იმუშაონ, მოიწიონ მოსავალი და საკუთარი შრომის ნაყოფით იცხოვრონ. ეს ერთი შეხედვით უბრალო სურვილი მათთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მატერიალურ კეთილდღეობას. საკუთარი მიწა თავისუფლების, უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობაა, ადგილია, სადაც აღარ მოუწევთ სხვის ნებაზე ყოფნა, მუდმივი ხეტიალი და ხვალინდელ დღეზე შფოთვა. მათი ოცნება ბიბლიური ედემის ბაღის ასოციაციასაც იწვევს, დაკარგული სამოთხის, იმ იდეალური სივრცის, სადაც ადამიანი ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობს და თავს დაცულად გრძნობს. ბოსტანი, მინდორი, სახლი და პატარა ცხოველები ჯორჯისა და ლენისთვის მშვიდი ცხოვრების სურათს ქმნის. მათ წარმოსახვაში ეს არის სამყარო, სადაც შრომას აზრი აქვს, არსებობას - სიმყარე, ხოლო ადამიანს - საკუთარი ადგილის განცდა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ უბრუნდებიან ისინი ამ ოცნებას ისევ და ისევ. რეალობაში, სადაც თითქმის არაფერს ფლობენ, ოცნება ერთადერთია, რაც მათ მომავალს შესაძლებელს ხდის. თუმცა, ედემის მსგავსად, მათი სამოთხეც მიუღწეველი რჩება. დიდი დეპრესიის ეკონომიკური სიდუხჭირე, სოციალური უთანასწორობა და დაუცველობა ადამიანებს საკუთარი ცხოვრების განსაზღვრის შესაძლებლობას უზღუდავს. ჯორჯისა და ლენის ოცნება იმ სამყაროს უპირისპირდება, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. მათ სურთ, თავად განკარგონ საკუთარი შრომა და ცხოვრება, მაგრამ გარემოებები მათ ამ შესაძლებლობას არ აძლევს. მათი ტრაგედია მხოლოდ ის არ არის, რომ ოცნება ვერ აისრულეს; ტრაგედია ისიცაა, რომ მათთვის ასეთი უბრალო ბედნიერებაც კი თითქმის მიუწვდომელია. ჯორჯ მილტონი ჭკვიანი, პრაქტიკული და წინდახედული ადამიანია. ლენი სმოლი კი გოლიათური აღნაგობისა და დიდი ფიზიკური ძალის მქონე კაცია, რომელსაც გონებრივი შეზღუდვების გამო საკუთარი ქცევის მართვა და შედეგების გააზრება უჭირს. მისი სხეული იმაზე მეტ ძალას ფლობს, ვიდრე თავად შეუძლია აკონტროლოს. ლენი ხშირად ჯორჯის ზურგს უკან დგას არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ცხოვრებაშიც, რადგან მის გარეშე სამყაროსთან გამკლავება უჭირს. მათი ურთიერთობა მკითხველს აფიქრებინებს, რომ ისინი თითქოს ერთი მთლიანის ორი განსხვავებული ნაწილია. ჯორჯი გონიერებას, წინდახედულობასა და პასუხისმგებლობას განასახიერებს, ლენი კი გულწრფელობას, უშუალობასა და იმპულსურობას. ჯორჯი წინასწარ ხედავს საფრთხეს, ლენი კი ხშირად მხოლოდ იმ წამით ცხოვრობს, რომელშიც იმყოფება. ერთი ცდილობს, რეალობას მოერგოს და გადარჩეს, მეორეს კი ამ რეალობის გაგება უჭირს. მათი განსხვავებები ერთდროულად აერთიანებს და აშორებს მათ ერთმანეთს. ჯორჯს ლენის გამო არაერთი უსიამოვნება ხვდება, მაგრამ მაინც არ ტოვებს მას. მათი მეგობრობა მხოლოდ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის ურთიერთობა არ არის. ლენის გარეშე ჯორჯსაც თითქოს ეკარგება ის, რაც მის ცხოვრებას აზრს აძლევს. მათი საერთო ოცნება მათ შორის არსებულ კავშირს კიდევ უფრო ამყარებს, ისინი მხოლოდ მიწასა და სახლს კი არ ელიან, არამედ ისეთ მომავალს, რომელშიც ერთად იქნებიან და მარტო აღარ მოუწევთ ცხოვრება. ლენი სამყაროს დიდწილად შეხებით აღიქვამს. მას რბილი და ფუმფულა საგნების მოფერება უყვარს, თუმცა ხშირად ვერ აცნობიერებს, რომ მის ძლიერ ხელებს შეუძლიათ, ის დააზიანონ კიდეც, რაც სიამოვნებას ანიჭებს. მისთვის შეხების სურვილი უშუალო და გულწრფელია, მაგრამ სწორედ ეს სურვილი ხდება ტრაგიკული, როდესაც მას საკუთარი ძალის მართვა არ შეუძლია. ლენის პრობლემა მხოლოდ ის არ არის, რომ წესებს ვერ იგებს, არამედ ისიცაა, რომ ვერ აცნობიერებს იმ ზღვარს, რომლის გადალახვის შემდეგაც მის ქმედებას გამოუსწორებელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ამით სტაინბეკი ადამიანის სურვილსა და შესაძლებლობას შორის არსებულ მტკივნეულ წინააღმდეგობას გვაჩვენებს. ლენის განზრახვა ხშირად ბოროტი არ არის, მაგრამ კეთილი განზრახვა ყოველთვის ვერ იცავს ადამიანს საკუთარი ქმედების შედეგებისგან. სამყარო კი, რომელშიც ის ცხოვრობს, მის შეზღუდვებსა და მოწყვლადობას ვერ ითვალისწინებს. აქ იკვეთება ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი ტრაგიკული კითხვა: რა ემართება ადამიანს, რომელსაც არ სურს ბოროტების ჩადენა, მაგრამ საკუთარი თავისა და სხვების დაცვა არ შეუძლია? ჯორჯის მიერ ლენის მოკვლა ნაწარმოების ყველაზე მძიმე და მტკივნეული მომენტია. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მეგობრის სიკვდილით არ მთავრდება, მასთან ერთად ქრება მათი საერთო ოცნებაც. ჯორჯი თითქოს თავადვე ანადგურებს იმ მომავალს, რომლისაც ორივეს სჯეროდა. ამ სცენაში შეიძლება დავინახოთ მცდელობა, ლენი უფრო სასტიკი სიკვდილისგან დაიცვას, თუმცა ეს არჩევანს მარტივ ან უდავოდ სწორ გადაწყვეტილებად არ აქცევს. ჯორჯი იძულებულია, ისეთ მდგომარეობაში მიიღოს გადაწყვეტილება, რომელშიც ნებისმიერი შესაძლო გამოსავალი ტრაგიკულია. ლენის სიკვდილით ჯორჯი კარგავს არა მხოლოდ მეგობარს, არამედ საკუთარ მომავალსაც, იმ იმედს, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას უძლებდა. მათი ოცნება რეალობასთან შეჯახებისას ინგრევა, მაგრამ ამავე დროს ჯორჯის არჩევანი გვაფიქრებინებს, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პასუხისმგებლობა ადამიანზე, რომელიც შენზეა დამოკიდებული. ზოგჯერ სიყვარული და მზრუნველობა ვერ გვათავისუფლებს მტკივნეული არჩევანისგან; ზოგჯერ კი თავად არჩევანი ხდება იმ სამყაროს სისასტიკის გამოხატულება, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. ნაწარმოების სხვა პერსონაჟებიც მარტოობის, სასოწარკვეთისა და გარიყულობის განცდით არიან გაერთიანებული. კენდი, კრუქსი და კარლის ცოლი სხვადასხვა მიზეზით აღმოჩნდნენ სამყაროს განაპირას, მაგრამ თითოეულ მათგანს სჭირდება ის, რასაც ჯორჯი და ლენი თავიანთ მეგობრობაში პოულობენ - კავშირი, თანადგომა და განცდა, რომ ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ხარ. კარლი, მემამულის შვილი, ძალაუფლების მქონე ადამიანია, რომელიც საკუთარ მდგომარეობას სხვების დასამცირებლად იყენებს. მისი ქცევა გვიჩვენებს, როგორ შეიძლება უპირატესობამ და დაუსჯელობის განცდამ აგრესია გააძლიეროს. ამ გარემოში ადამიანის ღირსებას ხშირად არა მისი პიროვნული თვისებები, არამედ ფიზიკური ძალა, სოციალური მდგომარეობა და სხვებზე გავლენის შესაძლებლობა განსაზღვრავს. კარლის ცოლი კი უსახელო პერსონაჟია, რომლის პიროვნებაც ქმრისა და გარემოს ჩრდილში რჩება. მას საკუთარი ოცნებები, სურვილები და წარსული აქვს, მაგრამ სხვებისთვის მისი შინაგანი სამყარო თითქმის უხილავია. ისიც მარტოობის ტყვეა, მას ადამიანებთან სიახლოვე სურს, თუმცა, ყურადღებისა და სითბოს ძიების გზაზე ხშირად მხოლოდ უნდობლობასა და მტრულ დამოკიდებულებას აწყდება. მისი ტრაგედია იმაშიც მდგომარეობს, რომ სხვები მას დამოუკიდებელ ადამიანად კი არა, პრობლემად ან საფრთხედ აღიქვამენ. კრუქსის მდგომარეობა რასიზმისა და სოციალური გარიყულობის მძიმე შედეგებს აჩვენებს. ის განცალკევებით ცხოვრობს არა საკუთარი სურვილით, არამედ იმ საზოგადოების გამო, რომელიც კანის ფერის მიხედვით განსაზღვრავს, ვის აქვს სხვებთან თანასწორად ყოფნის უფლება. კრუქსის მარტოობა მხოლოდ ფიზიკური განცალკევება არ არის, ეს არის გამოცდილება, როდესაც ადამიანს წინასწარ ართმევენ სხვებთან სიახლოვისა და თანასწორი ურთიერთობის შესაძლებლობას. კენდისა და მისი მოხუცი ძაღლის ამბავი კი ნაწარმოების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდია. ძაღლს კლავენ, რადგან ის მოხუცი და სხვებისთვის უსარგებლოდ მიჩნეულია. კენდის თანხმობა ამ გადაწყვეტილებაზე გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ადამიანმა სხვისი მსჯელობა მიიღოს და საკუთარი დანაკარგი თითქოს აუცილებლობად აღიქვას. ამ ეპიზოდში სისასტიკე პრაქტიკულობის სახელით მართლდება. ის, რაც ვეღარ ემსახურება სხვებს, თითქოს არსებობის უფლებასაც კარგავს. ძაღლის ბედი მკითხველს ლენის ბედის გასააზრებლად ამზადებს. ორივე შემთხვევაში საუბარია არსებაზე, რომელიც საკუთარი თავის დაცვას ვერ ახერხებს და რომლის ბედსაც სხვები წყვეტენ. თუმცა ამ ორ შემთხვევას შორის განსხვავებაც მნიშვნელოვანია - კენდის ძაღლის სიკვდილი ლენის მკვლელობას უბრალოდ არ იმეორებს, არამედ გვაჩვენებს, რა საშიში შეიძლება გახდეს გარემო, როდესაც ადამიანის ან ცოცხალი არსების ღირებულებას მხოლოდ მისი სარგებლიანობითა და სხვებისთვის შექმნილი საფრთხით ზომავენ. „თაგვებსა და ადამიანებზე“ ბევრად მეტია, ვიდრე კონკრეტული ეპოქის სოციალური მდგომარეობით გამოწვეული დრამა. სტაინბეკი გვიჩვენებს ადამიანებს, რომლებსაც სურთ ბედნიერება, სიახლოვე და საკუთარი ცხოვრების მართვის შესაძლებლობა, მაგრამ მათ სურვილებს სოციალური გარემო, პირადი შეზღუდვები და შემთხვევითი მოვლენები უპირისპირდება. ზოგი ძალაუფლების მსხვერპლია, ზოგი - მარტოობის, ზოგი კი საკუთარი შესაძლებლობების საზღვრებს ეჯახება. მათ აერთიანებთ სურვილი, რომ სხვებისთვის მნიშვნელოვანი იყვნენ და ისეთი ცხოვრება ჰქონდეთ, რომელშიც ხვალინდელი დღე მხოლოდ შიშსა და გაურკვევლობას არ უკავშირდება. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არის ეს ნაწარმოები დღესაც ასეთი მტკივნეულად ახლობელი. ადამიანი ყოველთვის ვერ ირჩევს გარემოებებს, რომლებშიც უწევს ცხოვრება, ყოველთვის ვერ აკონტროლებს საკუთარ სისუსტეებს და ვერც ყველა ოცნებას აქცევს რეალობად. თუმცა ოცნება თავისთავად არ არის უსარგებლო, მაშინაც კი, როდესაც ის არ სრულდება. ჯორჯისა და ლენისთვის ის იყო მიზეზი, რის გამოც ყოველდღიური გაჭირვება ასატანი ხდებოდა, ხოლო მათი მეგობრობა დასტური იმისა, რომ სასტიკ სამყაროშიც შესაძლებელია ვინმესთან კავშირი და საერთო მომავლის წარმოდგენა. სტაინბეკის ტრაგედია იმაშია, რომ ამ ადამიანებს ბედნიერებისთვის ბევრი არაფერი სჭირდებოდათ. მათ მხოლოდ საკუთარი მიწა, პატარა სახლი და ერთმანეთი უნდოდათ. მაგრამ ზოგჯერ სწორედ ყველაზე უბრალო სურვილები გვიჩვენებს, რამდენად უსამართლო და დაუნდობელი შეიძლება იყოს სამყარო, რომელშიც მათი ასრულება ადამიანისთვის მიუწვდომელ ოცნებად რჩება.