მდიდარი მამა ღარიბი მამა - მოზარდებისთვის

„მდიდარი მამა, ღარიბი მამა მოზარდებისათვის“: წიგნი და სიბრძნე რომელიც 14 წლის ასაკში მჭირდებოდა (და ახლაც), ნაცვლად იმისა რომ ესწავლებინათ - როგორ დავმალულიყავი რაც შეიძლება ეფექტურად, რადგან ქალისთვის მიმზიდველობა და გამოჩენა საშიშია, ხოლო ბიზნესი მისი საქმე არაა...
ანუ რატომ ვკითხულობ მოზარდების წიგნს 40 წლის ასაკში?
სწორედ იმ არაეფექტური გაკვეთილების გადასაწერად რაც ბავშვობაში ფულზე "ჩაგვიტარეს".
სკოლაში ბევრ რამეს გვასწავლიან. ფულს კი - არა. სახლშიც ხშირად მიჩუმათებულია ეს თემა.
მერე კი ვიზრდებით, პირველ ხელფასს ვიღებთ და უცებ ვხვდებით, რომ ფულის ენა, საერთოდ არ ვიცით. ენა ვერც კი გვიტრიალდება, როცა ხელფასის მომატება გვინდა მოვითხოვოთ სამართლიანად.
კიოსაკი ფინანსურ წიგნიერებაზე წერს (financial literacy):
„ფულის შესახებ რომ ისაუბროთ, ახალი ენის შესწავლაა საჭირო.“
და ეს ენა ორი სიტყვით იწყება. აქტივი და პასივი.
„აქტივები ფულს დებენ თქვენს ჯიბეში. პასივებს ფული მიაქვთ თქვენი ჯიბიდან.“
აქტივი (asset) არის ის, რაც ფულს გიბრუნებს. პასივი (liability) არის ის, რაც ყოველ თვე ფულს გართმევს.
ეხლა მწარე აღიარება. ჩემი სოფლის სახლის მოვლას (რომლის იპოთეკასაც წლები ვიხდიდი და საინვესტიციო სახლს ვეძახდი), დღემდე მიაქვს ჩემი ხელფასის სოლიდური პროცენტი. და იქ ჩემს შვილებს წასვლაც კი არ უნდათ. ის კიოსაკის ენაზე პასივია. ამის აღმოჩენამ მე გადამიტრიალა ჩემი დამოკიდებულება ფულზე.
კი. ასეა.
რა არ არის აქტივი: ძვირიანი ნივთები. მაგალითად, ახალი ტელეფონი. მანქანა. ავეჯი. რაც ფასს მაღაზიიდან გამოსვლისთანავე კარგავს. ასევე კიოსაკის მიხედვით, სახლი რომელშიც ცხოვრობ და სხვა ძვირადღირებული "სათამაშოები".
კიოსაკი ასეთ ნივთებს სამშვენისებს (doodads) ეძახის.
ლამაზია, მაგრამ ჯიბეში ფულს არ გიმატებს. პირიქით, გიმცირებს.
მეორეა ფულის მაინდსეტის გავარჯიშება, რაც იწყება - "ვერ" წინადადების ჩანაცვლებით "როგორ" წინადადებით.
წარმოიდგინე ჩვეულებრივი სცენა:
მოზარდს რაღაცა სჭირდება. „ფული არ გვაქვს“-ის ნაცვლად დასვით კითხვა: „როგორ შეგვიძლია...?“ ეს უკვე ფინანსური ინტელექტის გავარჯიშების (financial intelligence) გაკვეთილია და არა სიდუხჭირის მენტალობაში ცხოვრების გაგრძელების.
იმუშავე, რომ ისწავლო - მიდგომა
წიგნის ერთ-ერთი თავს ასევე ჰქვია:
„იმუშავეთ, რომ ისწავლოთ, და არა გამოიმუშაოთ“.
ეს ჩემს თავზე გამოვცადე. „ბაასი ფულზე 'sCool“ ნულოვანი ბიუჯეტით დავიწყე და პირველი კლიენტი 7 თვის შემდეგ მოვიდა. მოგვიანებით შემოსული ფულის ნახევარი (600$), პირველ სარეკლამო კამპანიაზე "დავკარგე". ეს დაკარგული ფული იყო? ფულის მხრივ კი. სწავლის მხრივ საუკეთესო ინვესტიცია.
სად ვეკამათები კიოსაკის?
ეს წიგნი კრიტიკულად უნდა წაიკითხო, იმიტომ რომ ავტორი ბევრ რამეს ამარტივებს: „სახლი რომელშიც ცხოვრობ პასივია“, რადგან ფული არ შემოაქვს. სადავო აზრია. რადგან ის შესაძლოა არც ისე ლიკვიდურია, მაგრამ მაინც იმატებს მისი ღირებულება წლებთან ერთად (რა თქმა უნდა არა ყველა სახლის) და შესალოა აქტივად აქციო საჭიროების შემთხვევაში.
ამასთანავე, ზოგისთვის სახლი უსაფრთხოებაა და არა მხოლოდ ციფრი.
აქციები, ობლიგაციები, უძრავი ქონება. წიგნი მათკენ მიმავალ გზას გვთავაზობს, როგორც გამდიდრების საშუალებას. ზოგისთვის კი სიმდიდრე უბრალო ცხოვრებაა. ამიტომ, ჯერ განმარტე რა არის შენთვის მდიდარი ცხოვრება.
კიოსაკი თვლის რომ ფულის დიდხან შენახვა- ფულს აფუჭებს. რადგან ის აქტივად შეიძლება აქციო. ფულს მოძრაობა უყვარს.
მე კი ვამბობ, ჯერ მინიმუმ 3 თვის უსაფრთხოების ბალიში, ანუ შესაძლებლობების ფონდი გჭირდება გარანტირებული. შვილები თუ გყავს 6 თვის სამყოფი ფონდი. და შემდეგ უნდა დაიწყო აქტივებზე ფიქრი.
ყველა აქტივს და ინვესტიციას აქვს თავისი რისკი. და ამ რისკისგან საბაზისო საჭიროებები უნდა გქონდეს დაზღვეული.
არადა, ორივე შეიძლება მართალი ვიყოთ. მთავარია შენ იცოდე, შენთვის რა გზა იქნება სწორი. ოღონდ ფინანსური განათლების გზით მიდი ამ გადაწყვეტილებებამდე. და არა ბრმათ. "იქნებ გამოვიდეს" სტრატეგიით.
ბევრი ფიქრობს, რომ "მდიდარი მამა" რეალური ადამიანი კი არა, სასწავლო სახეა. შეიძლება ასეცაა. მაგრამ, ეს საერთოდ არ ცვლის წიგნის აზრს და ღირებულებას, რომელიც ცდილობს დაგანახოს სხვაობა სიდუხჭირის, ანუ სიღარიბის და სიმდიდრის მაინდსეტს შორის. რაც საგრძნობლად განსხვავებულია.
წარმოიდგინე, რომ შენი შვილი 18 წლისაა. ყოველ კვირა, თავისით, ამოწმებს რაში დახარჯა ფული. ჯიბის ფულს შემოსავლად აღიქვამს და არა საჩუქრად. აქვს იდეები და უკვე გამოცდილებაც მისი უნარების და იდეების მონეტიზაციის და ფულად ქცევის. იწყებს ინვესტირებას აქციებში. რას გრძნობ?
ალბათ სიამაყეს.
და ეს ჩვევები იწყება სწორედ ლაპარაკით, ფულზე ლაპარაკით სახლში. ცოდნების გაზიარებით. და მაგალითის მიცემით.
მე შემხვედრია მშობლები, რომელთა შვილებს ეს წიგნი სამაგიდო წიგნებში უდევთ, მაგრამ თავად მათ 1 ცნებაც არ ესმით ამ წიგნიდან.
და პირიქითაც, მშობლები რომლებიც თავად სთავაზობენ შვილებს მის წაკითხვას.
და მესამე, მშობლები და შვილები, რომლებიც ერთად ეცნობიან, ერთად სწავლობენ და ერთად გეგმავენ ოჯახის ფულად ნაკადებს - როგორც ჩემს შემთხვევაში.
ცვლილებას სჭირდება გადაწყვეტილების სიმტკიცე. თუნდაც პატარა ნაბიჯებში. თუნდაც 40 წლის ასაკში. თუნდაც 1 წიგნით.
ვერდიქტი: მდიდარი ამ წიგნით ერთ დღეში არ გახდები. და არც გპირდება. მაგრამ დღესვე ფულზე ფიქრს შეგაცვლევინებს.
ასე და ამგვარად, მოზარდისთვის ეს საუკეთესო პირველი ფულის წიგნია და იმ უფროსებისთვისაც, ვისაც ეს საუბარი არავინ ჩაუტარა თავის დროზე.
ახალი წელი ახლოვდება, და საჩუქრად წიგნი "სამშვენისზე" ბევრად უკეთესია, ან მასთან ერთად😉
ერთი რამ მინდა შენგან: გაიხსენე ფრაზა ფულზე, რომელიც ბავშვობიდან დაგყვება. დაფიქრდი, ის ცოდნის აქტივად გექცა თუ პასივად.
ეხლა კი საშინაო დავალება. გაკვეთილი #1. ფინანსური ლექსიკონი რობერტ კიოსაკისგან:
აქტივი (asset): რაც ფულს შემოგიტანს. პასივი (liability): რაც ფულს გაგიტანს. სამშვენისი (doodad): ნივთი, რომელიც ყიდვისთანავე ფასს კარგავს. ფინანსური წიგნიერება (financial literacy): ფულის ენის ცოდნა. ფინანსური ინტელექტი (financial intelligence): ფულად პრობლემებზე შემოქმედებითად ფიქრის უნარი. ფულადი ნაკადი (cash flow): ფულის მოძრაობა, ანუ რა შემოდის და რა გადის. ვირთხების რბოლა (rat race): ანუ კიოსაკის განმარტებით - ცხოვრება ხელფასიდან ხელფასამდე. პასიური შემოსავალი (passive income): შემოსავალი, რომელიც შენი ყოველდღიური შრომის გარეშე მოდის.
ვიქტორია · ბაასი ფულზე 'sCool·