ნათანიელ ჰოთორნის „ალისფერი დამღა“

ნათანიელ ჰოთორნის „ალისფერი დამღა“ - სირცხვილი, განაჩენი და ადამიანური ღირსება
სხვა ადამიანის შერცხვენის, განსჯისა და გარიყვის სურვილი, ალბათ, ისეთივე ძველია, როგორიც თავად ადამიანთა თანაცხოვრების ისტორია. თითქოს არ კმაროდეს, რომ ვიღაცას შეეშალა, საზოგადოება მზადაა, ადამიანი სამუდამოდ მის შეცდომასთან გააიგივოს და აღარ დაუტოვოს სივრცე იმისთვის, რომ სხვანაირი გახდეს, შეიცვალოს ან გაიზარდოს. სირცხვილი კი ყველაზე მტკივნეული მაშინ ხდება,, როდესაც ადამიანი თავადაც იჯერებს, რომ „არასწორია“ და საკუთარ ადამიანურ ღირებულებას სრულიად აუფასურებს. შეიძლება თუ არა, სირცხვილმა გაგვაძლიეროს? ალბათ, თავად სირცხვილი არასდროს აძლიერებს ადამიანს. ძალას უფრო ის გვაძლევს, როდესაც მტკივნეულ წარსულს თვალს ვუსწორებთ, პასუხისმგებლობას ვიაზრებთ, მაგრამ ამავდროულად, არ ვთანხმდებით, რომ ჩვენი მთელი არსებობა ერთადერთ შეცდომამდე დავიყვანოთ. სწორედ ამ შინაგან წინააღმდეგობაში იწყება რეალური ცვლილება. ნათანიელ ჰოთორნის „ალისფერი დამღაში“ სირცხვილი არ არის მხოლოდ პირადი განცდა, ის საზოგადოების მიერ დაკისრებული სასჯელია, რომელიც კვალს ადამიანის სხეულსა და სულზე სამუდამოდ ტოვებს. თავად ავტორისთვისაც ეს თემა პირადი იყო, მისი ერთ-ერთი წინაპარი სალემის ცნობილ „ჯადოქრების“ სადამსჯელო პროცესებში მონაწილეობდა და ჰოთორნი ამ სისასტიკის გამო საკუთარ სირცხვილსაც ატარებდა. ლიტერატურა მისთვის იქცა გზად, დაბრუნებოდა მძიმე მემკვიდრეობას და საკუთარი პოზიცია განესაზღვრა. რომანის მთავარი ხაზი ჰესტერ პრინისა და მღვდელ არტურ დიმსდეილის ამბავია. მეჩვიდმეტე საუკუნის პურიტანულ სამყაროში ჰესტერს ღალატისთვის მკერდზე ალისფერი ასო A-ს ტარებას აიძულებენ. საზოგადოებას სურს, ქალმა ყოველ წამს იგრძნოს, რას ხედავენ სხვები მასში. ეს ნიშანი ქალის დანაშაულზე მეტყველებს და, თითქოს, მთელ მის არსებას ერთ, დამამცირებელ სიმბოლოში ატევს. მაშინ როცა, ჰესტერის სირცხვილი საჯაროა, დიმსდეილი პატივსაცემი მღვდლის სახელს ინარჩუნებს. ქალი ყველას თვალწინ ატარებს საკუთარ „დანაშაულს“, კაცი კი საიდუმლოს დამალვით ცდილობს მოჩვენებითი იმიჯის შენარჩუნებას. ერთი საჯარო დამცირებაა, მეორე კი ფარული ტანჯვა. ჰესტერის ამბავი ამით არ მთავრდება. ის ამ ნიშანს საკუთარი ხელით ქარგავს და მის გარეგნულ სახეს თავადვე ცვლის. განმარტოებულ ქოხში მცხოვრები ქალი შრომობს, ეხმარება სხვებს და თანდათან ისეთ პიროვნებად ყალიბდება, რჩევისთვის რომ მიდიან მასთან. მოგვიანებით, ზოგი ამ ალისფერ ასოს უკვე სიტყვა Able-ს (უნარიანობასა და გამძლეობას) უკავშირებს. მან შეძლო, სირცხვილისთვის არ მიეცა უფლება, მთელი მისი ცხოვრება გაეთელა. დიმსდეილის გზა კი სოციალური ტყვეობაა. მისთვის ტკივილი სწორედ დამალული საიდუმლოა. მისი დაგვიანებული აღიარება ტრაგიკულია, რომელიც მას საიდუმლოსგან ათავისუფლებს, მაგრამ ახალი ცხოვრება არ მოაქვს. ეს ნაწარმოები იმაზეა, თუ როგორი მტანჯველი შეიძლება აღმოჩნდეს დამალული სიმართლე და მეორეს მხრივ, როგორ შეუძლია ,,შერცხვენილ" მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ახალი სიცოცხლე აჩუქოს საკუთარ თავს. დღეს, სოციალური ქსელების ეპოქაში, ეს ყველაფერი საოცრად ნაცნობია. ერთი შეცდომა ან წამოცდენილი სიტყვა საკმარისია, რომ ადამიანი საზოგადოებრივი განსჯის, დაცინვის ობიექტად იქცეს. თითქოს ციფრულ მეხსიერებას არასდროს ავიწყდება არაფერი და ადამიანს ცვლილების უფლებას არ უტოვებს. ჩემთვის მთავარ კითხვად რჩება, როგორ შევძლოთ, იარლიყს მიღმა ადამიანის დანახვა , მისი ცვლილების შესაძლებლობის, სინანულის, გამძლეობისა და შინაგანი ბრძოლის შემჩნევა? ადამიანის საქციელის შეფასებისას, ხომ არ ვკარგავთ თავად ადამიანს, როდესაც მისთვის გამოტანილ განაჩენს ერთადერთ სიმართლედ ვაქცევთ?