ნინო პეპანაშვილი - "არავინ"

ლალი აფციაური
20 ოქტომბერი, 2026რეცენზია
"არავინ" - წიგნის ყდა

ნინო პეპანაშვილი - "არავინ"

წიგნს „არავინ“ ჰქვია და ეს უკვე გამზადებს; რომ გადაშლი, ხვდები, რომ საკუთარი თავი უკვე შეგიმზადებია (როდის ნეტა?) და უკვე ყველაფრისთვის მზად მყოფი სტოიკოსი იწყებ კითხვას. პირველივე გვერდიდან ხვდები, რომ ეს სტოიკოსობა სწორად მოგაწოდა საკუთარმა თავმა. აშკარად დაგჭირდება.

თითქმის ამ პირველი გვერდიდანვე, მას მერე, რაც უკვე განვიცდით და ვუთანაგრძნობთ ოჯახისთვის, ძმის შვილისთვის, მის ფეხზე დასაყენებლად (ჯერ ფიზიკურად - პირდაპირი გაგებით) სულიერად და მორალურად გამოფიტულ გარემოში თვითონაც ცოცხალ ფიტულად ქცეულ ქალს, უკვე მთელი სიცხადით შევიგრძნობთ მის „არავინად“ ქცეულ ყოფას და გულით გვინდა, ამ მარწუხებს გაექცეს. თავგადასავლის დასაწყისშივე შემოდის სიმძაფრე და გვძაბავს.

„არავინ“ აქ ერთი არ არის, სხვებიც არიან - ტრაგედია, ერთი შეხედვით, სხვაა, ტკივილი, რეალობა და იარლიყი - იგივე. ზოგი 19 წლისა უკვე „არავინად“ ქცეულა. ზოგჯერ იმედი იღვიძებს - „იქნებ ეს მაინც გადარჩეს!“ ... ზოგი გადარჩება, ზოგი - ვერა.

ძალიან ცხადად, მძაფრად, თუმცა ბუნებრივად არის დახატული ნიუ-იორკის სიჭრელე, იქაური ცხოვრების არაერთგვაროვანი ყაიდა, ემიგრანტების ყოფა, ამ ყოფაში ერთმანეთში არეული იმედი, სასოწარკვეთა, ტკივილი, წუხილი, ძალის პოვნა, გაძლება, შორს თუ უკვე ახლოს დანახული სინათლე... უმეტესად კალეიდოსკოპივით მოულოდნელად რომ ენაცვლება ერთმანეთს. ამ ერთ უზარმაზარ ტაფაში მოქცეულთა ერთიან ჭრელ და თან უსახურ ნაკადად გადმოღვრილი ფიგურები, თითქოს ცალ-ცალკე რომ არსებობენ, მაგრამ მაინც კალეიდოსკოპის იმ ერთიან სიჭრელეს შეადგენენ. ქართველების ჩათვლით, სულ სხვადასხვა ხასიათებითა და სახით რომ აჩვენებენ საკუთარ ქართველობას. სხვა ერის წარმომადგენლები - ყველა თავისას.

ამ ფონზე ასევე მკვეთრი და რეალისტური ფერებით არის ნაჩვენები საქართველოში დარჩენილთა არსებობა თუ ბრძოლა არსებობისთვის - ყველაფერი, რამაც აიძულა ყველა ეს ადამიანი, გზა ამ ჭრელი ქალაქისაკენ, ამ უზარმაზარი ქვეყნისკენ ან სხვა ადგილისკენ აეღო, სადაც არავინ იცნობს, არავისთვის არის ახლობელი, სადაც თვითონაც „არავინ“ არის მათთვის და ზოგადად.

თუმცა „არავინ“ შეიძლება აქვე გახდე, საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ სახლში, ოჯახში... აქაც კი შეიძლება, სრულიად არავინ და არაფერი იყო. ან ასეთად გაგრძნობინონ თავი. ასეთ დროს საკუთარი თავის ძებნა უნდა დაიწყო. აქ თუ სხვაგან. მაგრამ სხვაგან არანაკლებ მძიმეა, თუმცა თუ საამისოდ გაგიხადა ცხოვრებამ საქმე, სხვა რაღა დაგრჩენია, ყარიბივით შენც გზას უნდა გაუდგე - სხვა ქვეყნისა და საკუთარი თავის ძიებისას.

საკუთარი თავის მოსაძებნად კი ჯერ ის ალბათ ბოლომდე უნდა დაკარგო, ბოლომდე „გაარავინდე“. მაგრამ როცა საკუთარ თავს ივიწყებ და არაფრად აგდებ, ნებით თუ უნებლიედ ისე ექცევი, თითქოს არც არსებობს, ის თავს, ბოლოს და ბოლოს, თვითონ გაგახსენებს და გაიძულებს მასზეც დაიწყო ფიქრი: საკუთარ თავზე, სხეულზე, სულზე - ყველაფერზე ერთად თუ რიგრიგობით - ალბათ ასე იბადება ადამიანი თავიდან? რამდენს უნდა გაუძლოს მაინც? როდემდე? „რაც მეტი ოცნება მოგიკვდება, მით მეტად თავისუფლდები შეზღუდვებისგან“ და სხვა ადამიანად იქცევი ან საკუთარ თავს ახლებურად პოულობ.

ყოველი ეტაპის დასრულება და ახლის დაწყება იმდენად ლოგიკური და კანონზომიერია, რომ ადამიანებიც კი იცვლებიან მათში, ხშირად სცენებიც განსხვავდება და ნიშნებსაც კი ამჩნევ, რაც ცვლილებას ან მის აუცილებლობას გაგრძნობინებს. და საბოლოოდ ხვდები, რომ წიგნთან ერთად შენც სისრულისკენ მიდიხარ, გმირთან ერთად შენც გაიზარდე, ბევრი რამე ისწავლე, გაიარე, აღმოაჩინე და გადააფასე. დანამდვილებით აცნობიერებ - უიმედოდ ამ ქვეყანაზე არასოდეს დარჩები, აუცილებლად გამოგორდება არიადნეს ძაფი რაიმე სახით და რომც ვერ იცნო, მაინც გაგიყვანს განსაცდელიდან. მთავარი საყრდენი აქ ადამიანების ადამიანობაა - გმირთან ერთად ლოცავ ამ ადამიანურ ადამიანებს, იმედის გამონათებად რომ ჩნდებიან შიგადაშიგ.

წიგნის ბოლოში გადიხარ, ის კი ისევ ისეთი სუფთა, ნამდვილი და გულიანია. ისევ „თავის“ ადამიანებს, ნაცნობსა და თავისიანს ეძებს, მშობლიურს. ამავდროულად რჩება ისევ იმ ბავშვად, ბებიასთვის რომ ჩაუვლია ხელი ნდობით, ბიძის საყელოში ჩაუყვია სახე კნუტივით და ნდობით შესცქერის მათ, ისევ ეძებს მათ ყველა ადამიანში და როგორც მათსას, ისევე ენდობა ყველას მიცემულ სიტყვას, დაპირებას. თითქოს ელის კიდეც ამას ადამიანებისაგან და ებღაუჭება - „ის ხომ დამპირდა“ მაშველი რგოლია, რომელიც შველის, რაღაც დრო მაინც გაიტანოს თავი ზედაპირზე და იცუროს, არ ჩაიძიროს.

თუმცა ისევ „არავინ“ არის. „რა მნიშვნელობა აქვს, რა ჰქვია, - ხელი აგდებულად ჩაიქნია მენდიმ, - მე „ეიდს“ ვეძახი!“

  • მესამე „ეიდი“ დაითხოვეს, არავინაა მათი მოსაწონი. მაგრამ შენი იმედი მაქვს, შენ შეძლებ... წახვალ?
  • ვითომ მე რატომ მოვეწონები? – ... მეც „არავინ“ ვარ.
  • ... ტელეფონის ნომერს მოგცემ, რომ მიხვალ, დარეკავ.
  • კარგი, - მორჩილად ვუთხარი.

სხვა რომ არაფერი, მეორე მხარეს დგას ხმა, რომელიც მუდმივად ჩაესმის, დედასთან ტელეფონზე საუბრისას გაგონილი: „პენციაც ლო აიგებ, ქო მიყიდი კალაქს, ბებო?“