დადუნა ნადარაიას "საკვამურიდან ამოსული სითბო"

ლალი აფციაური
16 ოქტომბერი, 2026რეცენზია
„საკვამურიდან ამოსული სითბო“ და ჩაის ფინჯანი

„საკვამურიდან ამოსული სითბო“ - ეს არის ძალიან თბილი, ადამიანური ცხოვრებით, გრძნობებით, მონატრებით, მოგონებებით, სითბოთი სავსე წიგნი, რომლის ფურცლებიდან მართლა გადმოდის სითბო, როგორც იმ ჯადოსნური ბუხრისა თუ ღუმლის საკვამურიდან, რომელიც ყველასთვის ძვირფასია და რომელიც ყველას ჩვენ-ჩვენი გვაქვს გულში, ოცნებებში თუ მოგონებებში.

ამ წიგნის უკვე მესამე ტირაჟი თითქმის ამოიწურა და მალე მეოთხე გამოვა, რადგან მკითხველი მას ისევ ეძებს, ისევ ისმის კითხვა: „სად ვიპოვო? როგორ შევიძენ?“ რა განაპირობებს წიგნის მოთხოვნადობას, იმას, რომ მკითხველი მას ეძებს? საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ უბრწყინდებათ ხოლმე თვალები წიგნის დღეებზე, ბაზრობებზე, ფესტივალებზე, როცა დაინახავენ და დახლისკენ გახარებულები გარბიან ადამიანები. „აიი! ეს არის! ამას ვეძებდი. ეს წიგნი მინდა, რა!“ არაერთხელ მომისმენია ეს ფრაზები და მინახავს, როგორ მიდიან მერე ბედნიერები და წიგნს გულზე იხუტებენ.

ერთ-ერთი, რის გამოც ადამიანებმა ეს წიგნი შეიყვარეს, ავტორის გულწრფელობაა, რომლითაც ის თავის განცდებს, ემოციებს, თავს გადახდენილ ამბებს გადმოგვცემს; ისეთ პირადულ გრძნობებსაც კი, როგორიც ტკივილი თუ სიხარულია, რასაც, როგორც წესი, გულში ღრმად ვინახავთ, ახლო მეგობარივით გვიზიარებს: გულახდილად, დაუფარავად, თუმცა თან მაინც მოკრძალებულად, მოზომილად, მაგრამ საკმარისად იმისთვის, რომ მკითხველი, რომელმაც ავტორის გულწრფელობა პირველივე ფურცლებიდან ასევე გულით იგრძნო, ხვდება ამ გულწრფელობას.

ეს არის ნოველები, მოთხრობები, ჩანახატები, რომლებშიც ავტორს ხან მისი ბავშვობის სანუკვარ ადგილებში მივყვებით, ხან - დედამიწის სხვადასხვა წერტილში დავდევთ ფეხდაფეხ და მის ყველა განცდას, გრძნობას, სევდას თუ სიხარულს ვისმენთ და ვუთანაგრძნობთ. ზოგჯერ გაგიკვირდებათ კიდეც, როგორ გვიხსნის გულს და შიგ გვახედებს ამდენ ადამიანს მაშინაც კი, როცა ტკივილი ძალიან ძლიერია, სევდა - უსაზღვრო და შიშის უფსკრული, რომელიც მოულოდნელად შემოეფეთა ცხოვრების გზაზე - უძირო. სულ მიკვირს, ასეთი ძნელი რამ ასეთმა ნაზმა გოგომ როგორ შეძლო, იტვირთა და თავიც ასე გაართვა. როცა ამაზე ვფიქრობ, მგონია, რომ ამაში ისევ ადამიანებისადმი სიყვარული დაეხმარა, საკუთარი გულის სისუფთავე და ნდობა სამყაროსადმი, რომელშიც ბევრ ტკივილთან ერთად ბევრი მადლობის სათქმელი, გულის ამვსები წუთი და მოვლენაც შეხვდა. და ისიც გვიყვება ამ ყველაფერზე, არც მადლიერებას მალავს და არც - ცრემლს, არც სიხარულს და არც - სევდას, არც შიშს და არც - იმედს, რომელსაც სამყარო ისევე უგზავნის მაშველ რგოლად, როგორც სხვა ყველას. გვიყვება სწორედ მისთვის დამახასიათებელი გულწრფელობით, ნდობით, რის გამოც ასე შეიყვარა ათასობით მკითხველმა ეს წიგნი და გაითავისა.

„იმედს ვიტოვებ, წიგნის ფურცლებზე გადმოტანილი ამბები ისევ გაგათბობთ და თქვენს ფერებს, თქვენს სამყაროს ისევ აღმოაჩენთ მასში.“ ვკითხულობთ მეორე ტირაჟში მკითხველისათვის მიძღვნილ სამადლობელში და მართლაც, სწორედ რომ საკუთარ თავს პოულობს ბევრი ამ მოთხრობებსა და ნოველებში, საკუთარი გრძნობები და განცდები, ბავშვობისა თუ ახალგაზრდობის, მშობლიური და საყვარელი ადგილების ხედები, სურნელი, ხმები უცოცხლდება. ვინ იცის, რამდენი ემიგრანტის ან სხვადასხვა მიზეზით მშობლიურ ადგილებს დანატრებული, გარდასული დღეების, უკან მოუბრუნებელი წლების, ბავშვობის, ახალგაზრდობის, გაფრენილი ოცნებების, ადრინდელი ადამიანური ურთიერთობების ნოსტალგიური განცდით, სევდით შეპყრობილი რამდენი ადამიანის გულს მოესალბუნა ეს გულიდან ამოსული სიტყვები, რომლებიც ხან გვირილას ფურცლებივით ნაზია, ხან - შემოდგომის ფოთლებივით უჩუმარი, ხან - წვიმად გადმოშვებული, ზამთრის დილასავით გარინდული თუ მზის სხივებით გამთბარი. საბოლოოდ ამ ყველაფერს სითბო აერთიანებს - სწორედ იმ საკვამურიდან ამოსული სითბო, რომელიც ყველას ჩვენ-ჩვენი გვაქვს და მაინც, საბოლოოდ ყველა ერთია - ადამიანობის, ადამიანური ცხოვრების, ადამიანის გულის ბუხრიდან თუ ღუმლიდან ამოსული.