თურბიორნ ეგნერის „ილის ქალაქი“

ლალი აფციაური
19 ოქტომბერი, 2026რეცენზია
წიგნის "ილის ქალაქი" გარეკანი იისფერ ფონზე

თურბიორნ ეგნერის „ილის ქალაქი“

ბავშვის სული კეთილი, ფაქიზი და სუფთაა, ამიტომ მას ასეთივე სისუფთავითა და სინათლით დაწერილი განსაკუთრებით ებეჭდება პატარა გულსა და გონებაში და როცა ეს ყველაფერი ბავშვური სითბოთი და სიკეთითაა გამთბარი, პატარას სულის სიმებს განსაკუთრებით ერწყმის და ეხმიანება. სწორედ ამიტომ გახდა „ილის ქალაქი“ ჩემი და ჩემი შვილის ერთ-ერთი საყვარელი წიგნიც ისევე, როგორც უამრავი ადამიანისა მსოფლიოში.

ეს არის წიგნი, რომლისნაირიც ბევრი უნდა ითარგმნებოდეს და გამოიცემოდეს, რადგან ასეთი წიგნებით იზრდებიან ბავშვები ნამდვილ ადამიანებად, სწავლობენ სხვა ადამიანების სიყვარულს, ერთმანეთზე, საკუთარ ქალაქზე (სოფელზე), ქვეყანაზე, ცხოველებზე ზრუნვას, დახმარებას, სიკეთეს, გულისხმიერებას, ყველასა და ყველაფრის სათანადო პატივისცემას და საბოლოოდ ღირსეულ მოქალაქეებად ყალიბდებიან საკუთარი ქვეყნისა თუ ჩვენი საერთო დიდი სამშობლოს - დედამიწისთვის. „ილის ქალაქი“ სწორედ ასე ზრდის, აყალიბებს და ძალიან ბევრ რამეს ასწავლის ბავშვებს.

ასწავლის, რომ ყველამ უნდა პატიოსნად იშრომოს, ბავშვებმა კი მიზნების მისაღწევად ასევე თავდაუზოგავად ისწავლონ და ისწრაფონ აქეთკენ.

ასწავლის, რომ ყველა პროფესიის ადამიანი შეიძლება იყოს კარგი თავის საქმეში და სწორედ ამისთვის ფასდებოდეს, ვატმანი იქნება, გამყიდველი, დალაქი, მცხობელი თუ პოლიციელი. კიდევ ადამიანობისთვის.

ილის ქალაქში პროფესიების მიუხედავად, ყველას ნიჭი და უნარებია გამოყენებული და დაფასებული; და ყველა ადამიანი თვითონაც ამ ნიჭსა და უნარს ქალაქისთვის და ერთმანეთისთვის სიამოვნებით იყენებს. უანგაროდ.

ზოგადად აქ ყველანი ყველაფერში ერთმანეთს ეხმარებიან. ამ ერთმანეთსა და ქალაქზე ზრუნვით ილის ქალაქი იმდენად კარგ საცხოვრებელ ადგილად უქცევიათ ადამიანებს, რომ აქ ყველა ბედნიერია; იმდენად, რომ თუთიყუშმაც კი აქ დაიწყო სიამოვნებით სიმღერა. ქალაქის ტრამვაიც კი ყველას უყვარს, ვატმანზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

მთლიანად წიგნი სიკეთისა და ყველაფერში საუკეთესო მაგალითების თაიგულია. ყაჩაღებიც კი სიყვარულით და სიკეთით არიან დახატული. გჯერათ? - აქ ყაჩაღებიც კი პატიოსნები არიან - მარტო საჭმელს იპარავენ, იმასაც მარტო იმდენს, რომ თვითონაც გამოიკვებონ და თავიანთი ლომიც კარგად გამოკვებონ (უნდა ნახოთ, ლომზე როგორ ზრუნავენ), ზამთარში კი თბილ სამოსს იპარავენ „გარეთ რომ არ გავიყინოთ“. ჰო, ერთხელ ტრამვაიც კი მოიპარეს, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, მხოლოდ გასართობად.

სადაც ყაჩაღია, იქვეა პოლიციელიც. და ამ ქალაქში ცხოვრობს პოლიციის უფროსი ბასტიანი, რომელსაც ხალხის დაპატიმრება არ უყვარს და გამუდმებით იმაზე ზრუნავს, რომ ადამიანებმა კარგად იგრძნონ თავი: „სიკეთის გზა ავირჩიოთ უნდა ყველამ, ვეხმარები, ვინც კი ჩემგან ითხოვს შველას, რომ ვიცხოვროთ ჩვენს ქალაქში ბედნიერად, ... უშფოთველად.“ როცა მაინც უხდება ყაჩაღების დაპატიმრება (ან, მაგალითად, ძაღლის, რომელიც მეძეხვესთან შეიპარა და რაღაც ასწაპნა), ის და მისი მეუღლე ისე უვლიან ტუსაღებს, ცივ ნიავს არ აკარებენ, ისეთ ცხოვრებას უქმნიან, რაც არ ჰქონიათ, არ იციან და არ უნახავთ, სანამ პატიმრობაში არიან, ასწავლიან, აჩვევენ ამ სიკეთეებს და ყაჩაღებიც ციხიდან გაკეთილშობილებულები გამოდიან, პოლიციის უფროსი და ქალაქი კი ზრუნავენ, რომ თავიანთი ძველი პროფესიების მიხედვით დაასაქმონ ყველანი და ბოლოს უკვე საბოლოოდ გამოსწორებული ახლა უკვე ყოფილი ყაჩაღები პატიოსანი შრომისა და კარგი თვისებებისთვის უხვ წაქეზებასა და დაფასებასაც იღებენ. ისინიც ბედნიერები არიან და კეთილი, მზრუნველი პოლიციელიც. ქალაქიც უფასებს ბასტიანს მასზე ზრუნვას და ამაგს.

წესრიგის, სისუფთავის, მოწესრიგებულობის, სწორი რეჟიმით ცხოვრების საჭიროებას, პირადი ჰიგიენის დაცვასაც კი ასწავლის მკითხველს აქ მოყოლილი ამბები, თანაც თვალსაჩინო და სახალისო მაგალითებით; აქვე იმასაც, რომ სიზარმაცეს და მოუწესრიგებლობას კარგი არაფერი მოჰყვება და საკმაოდ სავალალო შედეგებამდეც მივყავართ.

ასეთ საქმეებში ერთგული, ენამწარე და ზედმეტად მკაცრი დეიდა სოფიეც კი სულ ქალაქისა და მისი მაცხოვრებლების კეთილდღეობასა და უკეთესად აწყობა-მოწყობაზე, მეტ უსაფრთხოებასა და წესრიგზე ფიქრობს და ოცნებობს. მოკლედ, მაგალითები მრავალფეროვანია და ყველა ძალიან სასარგებლოა პატარა მკითხველისთვის, მისი აზროვნების, მორალური აღზრდისა და ფასეულობების ჩამოყალიბებისთვის.

დაფასება ბევრჯერ ვახსენე. ჰოდა აქ ცხოვრობს მოხუცი ტობიასი, რომელსაც ყველა რჩევას, ჭკუას ეკითხება, უჯერებს და პატივს სცემს. 75 წლის იუბილეს მთელი ქალაქი საზეიმო ვითარებაში ულოცავს მოხუც ტობიასს და საჩუქრებს უძღვნიან. საჩუქრების არჩევისასაც პატარა მკითხველისთვის სამაგალითო მზრუნველობას და გულისხმიერებას იჩენენ მოქალაქეები.

წიგნი 6 წლიდან ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, ახლავს ასაკის შესაბამისი, თვითონ ავტორის შესრულებული ძალიან სახალისო ილუსტრაციები. მთლიანად წიგნი გაჯერებულია მსუბუქი, კეთილი იუმორით, პერსონაჟებიც მსუბუქად არიან დახატული, თუმცა ყველა მათგანი ძალზე დასამახსოვრებელია, ამბები კი - სახალისო და საყვარელი. არ არის გასაკვირი, რომ სხვა ჯილდოებსა და პრემიებს შორის, ავტორი წმ. ოლაფის ორდენით არის დაჯილდოებული „კულტურაში შეტანილი წვლილისთვის“.