მარი კვატია (ჩიკვაიძე) - "თვითმარქვია"

ლალი აფციაური
16 ოქტომბერი, 2026რეცენზია
"თვითმარქვია" თბილისის ძველ ქუჩებში

მარი კვატიას სადებიუტო რომანი „თვითმარქვია“ მისი წინაპრების შესახებ მოთხრობილი ცალკეული ამბებისაგან შედგება და კრებულადაც შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ ამ ამბებს აერთიანებს საერთო ხაზი - ავტორისა და მისი მეუღლის ერთად აკინძული გენეალოგიური ხაზები, მათი წინაპრების წარსული, რომელმაც ისინი დღემდე მოიყვანა, მათი ცხოვრების გზები განაპირობა და არა მარტო ეს. ეს ამბები დამოუკიდებლადაც შეიძლება წაიკითხოთ, თუმცა ერთად წაკითხვისას ლოგიკური ბმა, რომელსაც გაჰყვება მკითხველი, უფრო მეტ რამეს გახსნის მის წინაშე, ვიდრე ცალკეული გმირების თავგადასავლების გაცნობაა, თუმცა კი თითოეული მათგანი ძალიან დატვირთულია შინაარსობრივადაც და მორალურადაც.

„თვითმარქვია“ არის წიგნი, რომელიც პირველივე სიტყვებიდან დაგიპყრობთ და აღარ გაგიშვებთ, აქ მონათხრობ ამბებში გაგიყოლებთ და გმირების თავს გადავლილ მრავალ ქარტეხილს ისე გაგატარებთ, ერთხელ ვერ იტყვით, ეს ჩემი ამბავი და განსაცდელი არ არისო; მუდმივად გდევთ შეგრძნება, რომ გინდათ გმირებს რაიმეთი დაეხმაროთ, ტანჯვა შეუმსუბუქოთ ან ბედი ააცილოთ, თუმცა ხვდებით, რომ ამას ვერ იზამთ და მთელი არსებით ჩართული აგრძელებთ მათ გულშემატკივრობას, გრძნობთ, გიხარიათ, გიყვართ და გტკივათ მათთან ერთად.

„სავსე მთვარეობისას გავჩენილვარ, ამბობენ, სავსე მთვარეზე გრძნეული იბადებაო. ასეა ალბათ. ჩემი წინაპრების ყველა საიდუმლო უნებლიედ შემოვიდა ჩემში და ცხოვრების მიზნად დავისახე, პასუხი გამეცა კითხვაზე: ვინ ვარ სინამდვილეში?“ - ამ პირველი წინადადებიდან უკვე ერთგული მკითხველი ხართ წიგნისა და თავადაც არ უწყით, როგორი ერთგული მკითხველი, რადგან აქამდე წაკითხული სულ ერთი გვერდი საკმარისი იყო, ავტორის გულწრფელობას თქვენზე ემოქმედა; უკვე იცით, დანარჩენიც ასევე გულით, პატიოსნად იქნება დაწერილი.

წიგნში უამრავი მაგალითია მოცემული ღირსეული ადამიანობისა, ნამდვილი მეგობრობისა, იმისა, თუ როგორები უნდა ვიყოთ, რომ ადამიანის წოდებას ვამართლებდეთ და როგორ უნდა ვატაროთ ჩვენი საკუთარი ოჯახის, წინაპრების თვისებები, გავაგრძელოთ, დავასრულოთ მათი გზები და შიგადაშიგ ვცვალოთ, რაც მათი ცხოვრებისას არასწორად წარიმართა. დღეს ადამიანი უკვე გაურბის ამ ხაზებს, კავშირებს და მათი გარღვევა, ამ სხვისგან დალიანდაგებული, თითქოს სავალდებულო მარშრუტად ქცეული ხაზებიდან მოწყვეტა და საკუთარი გზის გავლა უნდა ყველას, ემძიმება ის მრავალასობითწლიანი საგვარეულო ტოტები, მაგრამ საკმარისია, ეს წიგნი წაიკითხო, რომ ხვდები, არა მარტო რამდენად ძლიერია ეს კავშირები და რამდენად დიდია მათი გავლენა, რომელსაც ვერსაც გავექცევით (და ამას აუცილებლად აღმოვაჩენთ, თუკი ჩავუკვირდებით), არამედ რამდენად მნიშვნელოვანია კიდეც. ეს წიგნი თავიდან გვასწავლის ჩვენი ფესვების სიყვარულს, პატივისცემას, გვაპოვნინებს მათ ძალას და ნათლად დაგვანახებს, რაოდენ მნიშვნელოვანია და რამხელა ღირებულებას ფლობს ამ ფესვების ქონა; არა მათი გადაჭრა ვითომ გათავისუფლებისთვის, არამედ მათგან ამოზრდილი ხის კიდევ უფრო გაძლიერება; შტოების სწორად მიმართვა, რაც არასწორად ამოიზარდა, იმისი გასწორება, რამდენადაც ეს ჩვენ ხელშია და იმის გათავისება, რომ ეს ყველა და ყველაფერი თავად ვართ, სწორედ ამ ქსოვილისაგან ვართ ნაშენები, ამ ქვით ნაგები. და ეს ყველაფერი ის სისხლი და ხორცია, რომელიც გვებოძა და ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ ვატარებთ მათ, რას მივიღებთ და როგორ გამოვიყენებთ, სასიკეთოდ მივმართავთ მათ ჩვენთვის და ჩვენი მომავალი შვილებისთვის თუ კორძებად დავაჩნდებით ჩვენს გენეალოგიურ ხეს, რომელიც ჩვენს მერეც გრძელდება.

გვაჩვენებს, რამდენად ორგანული და ძლიერია ეს კავშირები და როგორ განუყრელად არის შედუღაბებული ჩვენთან; გვახვედრებს, როგორი პასუხისმგებლობა გვეკისრება თურმე ბევრ რამეზე, რაც მათგან მოდის და ჩვენშია გადმოსული, მაგრამ იმის გზასაც დაგვანახებს, თუ როგორ ვზიდოთ და არ ჩავიძიროთ, არამედ გზიდან გადაუხვევლად გავცუროთ მათთან ერთად ცხოვრების ზღვაში. უკვე მილიონჯერ ნაფიქრ ცხოვრებაზე ზოგადად და საკუთარზეც სხვანაიარდ შეგვახედებს, თითქოს გარედან, იზომეტრიაში აგებულ გეომეტრიულ ფიგურას ვუყურებდეთ, ისე დაგვანახებს მას და დაგვაწყებინებს მისი სათითაო წახნაგის, ყოველი კუთხის გამოკვლევას, ოღონდ უკვე სხვა თვალით. კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს, რას ვაკეთებთ ჩვენ ამ ცხოვრებაში და რას ვაკეთებინებთ ამ ცხოვრებას; ვის ხაზს მივყვებით და რატომ; როგორ მოვედით აქამდე და რატომ სწორედ ასე ან რატომ სხვანაირად არა; ჩვენია კი მართლა ეს გზა? ჩვენ ავირჩიეთ თუ სხვამ (გარემოებამ ან სხვა რამემ) აირჩია ჩვენ ნაცვლად ან აგვარჩევინა?

წიგნის კითხვისას ძალაუნებურად უფიქრდები საკუთარ თავს, ცხოვრებას, ფიქრობ შენს წინაპრებზე, ყველაფერზე, რაც მათგან იცი, წონი, აჯამებ, სხვანაირად აფასებ და ბევრჯერ მადლობას ეტყვი გამჩენს, რომ სწორედ ამ ადამიანების შტოდან ამოგაყრევინა ყლორტები, სწორედ ამ ფესვზე აღმოგაცენა. ზოგჯერ ტკივილით იფიქრებ საკუთარ წინაპრებზე, განსაკუთრებულ, განსხვავებულ სითბოს, სიყვარულსა და მადლიერებას იგრძნობ მათდამი, სხვა თვალით შეხედავ ბევრ რამეს და ბევრ რამეს მიუტევებ, რაც ალბათ ადრე სხვანაირად გეჩვენებოდა ან არასწორად მიგაჩნდა. ამ მხრივ ეს წიგნი ძალიან კეთილშობილურ მისიას ასრულებს და კითხვას რომ დაასრულებ, იქნებ ვეღარც მიხვდე, რამდენ ხანს, სადამდე გაგწვდება მისი გავლენები, ან იქნებ მიხვდე კიდეც და სულ გექნება შეგრძნება, რომ მან კიდევ ერთხელ გაგზარდა, ფეხზე დაგაყენა და საკუთარ ფესვზე მყარად მოჭიდებით, საკუთარი ჩამომავლობის ხისთვის ხელების შემოხვევით საკუთარი თავის, საკუთარი ცხოვრების გზის გასაღებიც ახლიდან გაპოვნინა.

და აქ არ შეიძლება განსაკუთრებით არ გავუსვა ხაზი წიგნის პირველი თავის, პირველი ამბის მნიშვნელობას, რომელიც დასაწყისიდანვე გაძლევს ძალას, თვალი გაუსწორო საკუთარ თავს, საკუთარ სისუსტეებს, რაც გინდა იყოს და თავისი მაგალითით გაძლევს ძალას, გაუმკლავდე მათ, როგორი ძლიერიც უნდა იყოს.

პირველ რიგში ავტორი (ჩემთვის) არის შეუპოვრობის, ძლიერების მაგალითი - არაფრის წინაშე არ შედრკა არასდროს და ყოველთვის ადგებოდა იმ გზას, რომელიც საჭირო იყო, გაევლო, ხდებოდა ეს შიშის, მარტოობის, ფიზიკური ან მორალური სიმძიმისა თუ უიმედობის მდგომარეობაში ყოფნისას. ამით ის ცოცხალი და ძალიან ძვირფასი მაგალითია სხვებისთვის.

„სახლში ციოდა, მხოლოდ ერთი პატარა ნავთქურა გვქონდა და მთელი ოჯახი მის ირგვლივ ვიყავით შემომჯდარი. პურს ტალონებით ვყიდულობდით. {...} გავყიდეთ ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა. {...} დედამ თავისი საქორწინო ბეჭედიც კი გაყიდა, რომ სასკოლო წიგნები შეგვეძინა.“ {...} „დედა ხან რკინიგზის სადგურის ბაქანზე დადიოდა კარტოფილის ღვეზელების გასაყიდად, ხანაც „სათნოების სახლიდან“ მოჰქონდა სადილი.. ერთხელაც ვხედავ, დედამ ჩემი და ორი წლით უმცროსი დის ტანსაცმელი ორ ჩანთაში ჩაალაგა.

  • აფხაზეთიდან დევნილები ჩამოდიან ამაღამ მატარებლით, დავხვდეთ და მცირედით დავეხმაროთ, - გვითხრა.“

აქედან დაიწყო. აქედანვე იწყება ალბათ ავტორის კეთილშობილ პიროვნებად ჩამოყალიბება, რაც დედის მოქმედებას მოჰყვა; პატარა გოგონადან, იმ ბავშვიდან, რომელიც „ერთი გაუბედავი, შეშინებული და დაბნეული ბავშვი ვიყავი, {...} რომელიც საკუთარ თავში გარკვევას ვერ ვახერხებდი“, რომელიც ასეთი შინაგანი განცდებით იტანჯებოდა: „ბავშვობიდან ვგრძნობდი შინაგან გაორებას, ორი რადიკალურად განსხვავებული ადამიანის საწყისს ჩემში, რომელიც მუდამ ეჯახებოდა და ებრძოდა ერთმანეთს, მე კი ამ შერკინების უნებლიე მსხვერპლი ვიყავი.“ მაინც პოულობდა ძალას, 90-იანი წლების სიდუხჭირესა და უიმედობაში ამ მდგომარეობებიდანაც კი რაიმე გამოედნო და გადასარჩენად გამოეყენებინა: „მათი ჩემს სასარგებლოდ მართვა მინდოდა, ამ ჭიდილით მიღებული ენერგიით რაიმე ღირებულის შექმნა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ... {...} იქნებ მეც შემეძლო, გარემო გამომეცვალა და საკუთარ თავში ისეთი თვისებები აღმომეჩინა, როგორსაც ვერც კი წარმოვიდგენდი?“ {...} „იმის ნაცვლად, რომ ის მეკმარა, რაც გამაჩნდა, ახალი სიმაღლეების დასაპყრობად მივიწევდი, {...}“

ამ ავტობიოგრაფიულ თავში თვითონ ავტორის თუ მისი ოჯახის წევრების ნამდვილი მაგალითებით ბევრი შეძლებს, იპოვოს ღუზა, „რომელიც ერთ ადგილას გამაგრებს და ზღვაში მორიგ გასვლამდე სულის მოთქმის საშუალებას გაძლევს.“ ალბათ ბევრია, ვინც გრძნობს, რომ „მე ის არა ვარ, ვის დარადაც თავს ვასაღებ“ და ასეთებიც უსათუოდ იპოვიან საკუთარ თავს ან მის - ნამდვილი „მეს“ პოვნას დაიწყებენ. და აქ მოთხრობილი, მათემატიკური სიცხადით და ლოგიკურად დალაგებული ამბები, რომლებიც თქვენი მრავალუცნობიანი განტოლების ამოხსნაშიც დაგეხმარებათ, რაც მთავარია, შვებას მოგგვრით ან ამ შვებისა და ამოცანის პასუხების პოვნისთვის სტიმულს მოგცემთ საბოლოოდ ღუზის მშვიდობიანად ჩასაშვებად. წიგნში მოყვანილი თითოეული პერსონაჟის ისტორია, რომლებზეც აქ არ შევჩერდები, უაღრესად საინტერესოა და სიტყვის, აზრის, თხრობის დიდი ოსტატობით არის ჩაგვირისტებული ამბის ერთიან ქსოვილში. თხრობა დინამიურია, ამბებიც. და ბევრის, ძალიან ბევრის დამტევი. ბევრის მთქმელიც.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მონათხრობი ამბების მორალური მხარე, რომელიც უწყვეტ ძლიერ ძარღვად მიჰყვება მთელ წიგნს და ერთ-ერთია, რაც გზრდის, გაუმჯობესებს, გაკეთილშობილებს უფრო მეტად, გცვლის და ასეთად გტოვებს - უკეთესად.

ყოველი მათგანი გაძლევთ არაჩვეულებრივ მაგალითს იმისა, რომ ნებისმიერი ჯურღმულიდან შეგიძლია თავის დაღწევა, თუ მხრები არ ჩამოყარე და სწორად იმოქმედე, და რომ ნებისმიერი რამ, რაც გინდა ძლიერი იყოს მისი ზემოქმედება, დაძლევადია; თუნდაც წლებით იყოს გამყარებულ-ჩაბეტონებული, შეგიძლია ისე გაიზარდო მის მაგალითზე და გაძლიერდე, რომ ის ბეტონი საყრდენად გამოიყენო, რომლიდანაც მერე მაღლა ახვალ.

„თუ შენც ამ {თვითმარქვიას} სინდრომით ხარ შეპყრობილი, მუდმივად ეჭვის თვალით უყურებ შენს შესაძლებლობებს და არ გჯერა, რომ დიდი მიღწევებისთვის ხარ დაბადებული, ეს წიგნი შენთვისაა.“

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია, რაც ბოლო წლებში დაწერილა და მიუხედავად იმისა, რომ ეს მარის დებიუტია, ტოლს არ დაუდებს არცერთ პროფესიონალი მწერლის მიერ დაწერილ წიგნს.

გარდა ძალიან საინტერესო ფაბულისა და შინაარსისა, არის არაჩვეულებრივი, მდიდარი ენით დაწერილი, მაღალმხატვრული (რასაც ხშირად არ მოელიან ხოლმე თანამედროვე ავტორისაგან და ხაზს ამიტომ ვუსვამ) და მაღალეთიკური - ესეც მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. საუკეთესო არჩევანი იქნება ნამდვილი მკითხველისთვის, ვისაც უყვარს მაღალი დონისა და ჭეშმარიტი ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ღირებულების მქონე წიგნები, რადგან "თვითმარქვია" სწორედ რომ ასეთი ნაწარმოებია.