თამარ ჩხაიძე - "ემიგრანტის შვილი"

თამარ ჩხაიძის "ემიგრანტის შვილი" ემიგრანტის შვილი
უნიათოდ ქცეულ შუა თაობას სხვა აღარაფერი შეუძლია, თუ არა გაჩუმება, შეგუება და დაკმაყოფილება იმით, რასაც მისით და მისნაირებით ბოროტად მოსარგებლენი მიუგდებენ დაყვედრებულ ლუკმასავით, რადგან სიახლეების ეშინია. სიახლეები მისთვის არ არის, ამიტომ „სხვა არაფრის კეთება შემიძლია“ იარლიყით სჯერდება იმ კუთხეს, რომელშიც მიჩიხეს და ისიც შეეგუა. ამასობაში კი ოჯახში სინათლედ, მოძრავ ჰაერად შემოსულ ახალ ძალას - ახალ თაობას ვერ იცავს, ვერ ეხმარება, ეს ჰაერი სიოდ დაძრას, ჭაობად ქცეული გარემო ისევ ცხოვრებად აქციოს, ერთ ადგილას გაქვავებული, მომაკვდავი ვითომ მარადიული ფასეულობები კი -სასიცოცხლო ძალად; მისცეს საშუალება, ცხოვრების გაყინული საათი ისევ წინ წაიყვანოს.
ახალი თაობისთვის, რომელიც ის ყლორტია, ჯერ მყარად რომ ვერ დგას საკუთარ ფესვებზე, მაგრამ ჯიუტად მიიწევს ზევით - მომავლისკენ და მზისკენ, ყველაფერი, რაც არასწორი წარსულისაგან მოდის, “სიძველისგან გახრწნილია”, „ცეცხლად ერგება“ და უარს ამბობს. ჯერ მეტი არ შეუძლია, ჯერ მზად არ არის მეტისთვის, თუმცა სულ მალე თავად აიღებს ხელში ცხოვრების სადავეებს და ყველაფერს ამ დრომოჭმულს, დამყაყებულსა და ძველმანს მოიშორებს, დაანგრევს და სულ სხვას ააშენებს.
მაგრამ მშობლების თაობა, რომელიც შვილებისას ჯერაც ვერ აჰყოლია და ერთ დროს მათში რკინა-ბეტონით ჩანერგილი ღირებულებები ჯერაც ურყევი ჰგონია, თავისდაუნებურად უშლის ხელს იმ მომავლის ყლორტების გახარებას - იქით, საითაც უნდა, რომ ტოტები გაიტანოს და ცას ასწვდეს. ისინი, ისევე როგორც მათი უფროსი თაობა, საკუთარ, დრომოჭმულ და უკვე ფანტომად ქცეულ გადმონაშთებს ებღაუჭებიან და შვილებსაც თავს ახვევენ. არადა ეს ყველაფერიც უკვე იმ ძველმანების გროვაზე დევს, დიდი ხანია, გასატანი რომ არის, მაგრამ რატომღაც მაინც კარადაში ინახავენ, ცდილობენ მტვერი გადაწმინდონ და განაახლონ, თუმცა ის თავად ქცეულა უკვე მტვრად და თავს ვეღარ იჭერს. ისევე, როგორც ბებიას უცვლელი თავმოწონება პროფესორობით, უცხოური ავეჯით, რომელიც ამ გარემოში მოზარდ ანოს სულს უხუთავს, ისევე როგორც „ფილოსოფიური ქცევების და აზროვნების სახლი“ და ათასნაირი წრეები უფროსების დაჟინებული მოთხოვნით, აუცილებლობად ქცეული „დაჩექინება ბაკურიანიდან, გუდაურიდან ან ზღვისპირეთის რომელიმე კარგი სასტუმროდან. სად აღარ ვიარეთ ამ იმიჯის გამო, რა აღარ ვაკეთეთ. ... არადა ... ვგრძნობდი, ... რომ დიდი გაჭირვებიდან გამომდნარი ფულით კეთდებოდა.” - დღევანდელობის კიდევ ერთი აქტუალური თემა, რაც ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბებას და საერთო პროგრესს უშლის ხელს ძალაუნებურად და მისი ერთი ნაწილის “ვაი”, რომელიც მეორეს “ვუის” უქმნის და უაზროდ აფლანგვინებს დროსა და ძალებს.
ეს არ არის მარტო ემიგრაციის თემაზე დაწერილი წიგნი, რაშიც შესაძლოა, წინასწარ განვსაზღვროთ ზოგიერთი თემა, რომელსაც სავარაუდოდ შევეხებით. ეს არის ემიგრანტის მოზარდი შვილის თვალით დანახული ეს მხარე ცხოვრებისა, რომელსაც „უჩარობის ჩარას“ შეწირვა ჰქვია. არა მარტო თავის, შვილებისაც. შეწირვა, რადგან ეს სწორედ ასეა, და ეს უკვე ყველამ ვიცით.
ეს არის სარკე, რომელიც სრული და მწარე სიმართლით გვახედებს საკუთარ საზოგადოებაში, საკუთარ თავში, ცხოვრებაში, აზრებში, ქმედებებსა და მათ მიზეზებში; აშიშვლებს და მთელი სიცხადით გვაჩვენებს ამ ყველაფრის სახეს, რომელსაც რატომღაც დღემდე ჯერ კიდევ ვერ ხედავს ბევრი. ამ წიგნის წაკითხვის მერე დაინახავს. ყველა დაინახავს, რადგან ეს ისეთი სიმართლეა, ისეთი სიმკვეთრით ასახული, სხვა გზას არ ტოვებს.
პირველი სიტყვებიდან ბოლო წერტილამდე ერთნაირად ჰყავხარ ატანილი, მთლიანად გაჯერებული ხარ პატარა ანოს განცდებით, შეგრძნებებით, მასთან ერთად დარდობ, მასთან ერთად ფიქრობ: “რა ვქნა?” მასთან ერთად გრძნობ უმწეობას, შიშს, გაუბედაობას, შინაგან ჯანყს, პროტესტს, ბრძოლის სურვილს, ყვირილის სურვილს, სხვა ყველაფრის სურვილს, გინდა, შენც გაიქცე ანოს დედასთან, მაგრად მოკიდო ხელი და იმ თავისი დიდი ოდენობით აღებული ვალების მიუხედავად სახლში წამოიყვანო, არ გაუშვა, სანამ შვილების ოთახში არ შეიყვან და კარებს არ გამოუკეტავ. მერე საკუთარ დედასთან გინდა გაიქცე და მაგრად, მაგრად ჩაეხუტო, რომ არსად, არსად არასდროს წავიდეს შენგან.
„როდის დასრულდება ეს კოშმარი? როდის ამოივსება ბანკის უძირო ჭა? როდის დაბრუნდება დედა, როდის? აღარც ძაღლის ყოლა მინდა და აღარც ფისო. არ მინდა და მორჩა. ვერ აგვისრულა დედამ მე და ნიკას ბავშვობის ოცნება, არადა არ გვეღირსა ჩვენი სახლი, სადაც გვეყოლებოდა ძაღლიც და კატაც.”
“ისევ მაკანკალებდა, არ ვიცი, სიცივის თუ შიშის გამო, თვალები დავხუჭე. „რა ვქნა? ნეტავ რა დაავადება მჭირს, რა ჰქვია ამ დაავადებას? მალე კლავს, თუ დრო სჭირდება, რომ მომკლას? რომელ ექიმს უნდა ვეჩვენო, ან როგორ ვეჩვენო, რა ვუთხრა, კლინიკაში რომ შევალ. გამარჯობა, რისი ექიმი მინდა?”
და „ცოცხლად დაობლებული“ „ემიგრანტი დედის შვილი“, რომელიც თითქოს თავადაც ემიგრანტად ჰქცევია ცხოვრებას, რადგან ჯერ პატარაა და ამიტომ უფროსები ატარებენ თავიანთ „ჭკუაზე“, თავიანთი შეხედულებებისამებრ, გურიაში, ბებიის ძველ სახლში აადგილებს ყველაფერს და ცვლის ოდინდელიღაც წესრიგს - როცა შეუძლია, მორალურად თუ არ არის გატეხილი - იქიდან უფრო ეფექტურად იწყება რევოლუცია, სადაც მეტი სიჯანსაღეა.
გურიას კი სხვა სატკივარი შეჰყრია (ისევე როგორც მთელ ჩვენ ქვეყანას) - აქ „დაყრუებული ოჯახებია“, ანუ მიტოვებული სახლებია: „ერთ ზაფხულსაც ფანჯრები ჩამსხვრეული დაგვხვდა. უსიამოვნო სანახავი იყო შავი ჩარჩოს მიღმა უკუნი სიბნელის დანახვა. ... იმ წელს შორიდან ვუყურებდით, როგორ ლპებოდა ვაშლები და ძირს ცვიოდა. მეორე წელს ვაშლის ხე გამხმარი დაგვხვდა.“
გურული ბებიას მეზობელი კაპიტონი თითქოს ერთად ორ როლს ითავსებს - უფროსი თაობის ნამდვილად, ბუნებრივად და გადაუგვარებლად გადარჩენილი იმ უხუცესისა, რომელიც ახალგაზრდას რაღაცნაირად გეიმედება, რომელიც ისევ ნათელი თვალებით იყურება ნაღდი სულიდან და ნათელს და ნამდვილს ხედავს - სიმბოლურია ალბათ, რომ „ვეფხისტყაოსანი“ იცის თითქმის ზეპირად და მაინც მას და ნოდარ დუმბაძის წიგნებს უბრუნდება ხშირად. მეორე მხრივ კი ბრძენია და რეალისტი. საკუთარი სწორი ფილოსოფია აქვს და სწორადვე ხედავს ყველაფერს. გურული ლაკონურობით სვამს დიაგნოზს: „ყველამ თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს, თვარა ქვეყანა დაგვექცევა თავზე“ და წერს რეცეპტსაც: „ახლანდელი ახალგაზრდობა რომაა სოფლიოში, ე, მაგენი თუ იზამთ რაცხას, ... ქენით რაცხა, ბაღნებო, ქენით. არაა კაი ამბავი სოფლიოში.“
სიმბოლურია ისიც, რომ ყველაზე ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს ოჯახში წინაპრების სახელები არ ჰქვიათ - თითქოს მათ შეცდომებსაც არ გაიმეორებენ, მათ გზას ამ წინაპრების გზისნაირი დასასრული არ ექნება, ისინი უკეთეს გზაზე ივლიან, რომელსაც თავად გაიკვალავენ ახლებურად, იმ შეცდომების გარეშე, რაც მათმა წინა თაობებმა სავალალოდ იწვნიეს. კიდევ ბევრი საინტერესო რამ ხდება და სათქმელიც იმდენია ამ წიგნზე, წიგნზე დიდი ეს გამოდის - ვცადე ადრე, გულდაგულ ჩავყოლოდი და სწორედ ასე გამომივიდა. არადა რომ დაგიჭერს მაჯას პირველივე სიტყვიდან და ბოლოში ასე ხელჩავლებულს გაგიყვანს, დახურავ წიგნს და გაგიკვირდება, ამ პატარა წიგნში როგორ ჩაატია ამხელა სათქმელი ავტორმა.
